logo
ENG



კარასინი ზურაბიშვილის განცხადებას რუსეთის მოქალაქეებზე ამჯერად "პროვოკაციას" უწოდებს

01 ნოე 202320:23
3 წუთის საკითხავი
 

რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრი გრიგორი კარასინი სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს რუსეთის მოქალაქეებთან დაკავშირებით ამჯერად "წმინდა წყლის პროვოკაციას" უწოდებს.

გრიგორი კარასინს დღეს ფორმულა ესაუბრა. მან სატელეფონო ინტერვიუში თქვა, რომ ზურაბიშვილის განცხადება "ძალიან უხეში გამოხტომაა" და "პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსები საკუთარ სიტყვებს უნდა დაუკვირდნენ".

"ყველა რუსს, რომელიც საქართველოში ცხოვრობს მტრის ენაზე მოლაპარაკე უწოდა. მაპატიეთ, მაგრამ ძალიან უხეში გამოხტომაა ჩვენი ერის წინააღმდეგ. ეს ერთი და მეორე, გაუგებარია გამუდმებით მითითება, თითქოს მიმდინარეობს რაღაც საიდუმლო ოპერაცია, რომელიც საქართველოზე რუსეთის თავდასხმით დასრულდება. ამას რა ჰქვია? ეს არის წმინდა წყლის პროვოკაცია, სხვას ვერაფერს ვუწოდებთ. პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსები საკუთარ სიტყვებს უნდა დაუკვირდნენ", - აცხადებს გრიგორი კარასინი.

დღეს გრიგორი კარასინმა Telegram-ზე პოსტი დაწერა და გამოეხმაურა პრეზიდენტის ინტერვიუს, სადაც საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეების შესახებ საუბრობს. მან ამასთან დაკავშირებით ზურაბიშვილის განცხადებას "ბოდვა" უწოდა. 

ამერიკულ ტელეკომპანია CBS-სთან პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ შემაშფოთებელია, როდესაც შენს საკუთარ ქვეყანაში არიან ადამიანები, რომლებიც მტრის ენაზე ლაპარაკობენ, იქცევიან და სჯერათ, რომ სახლში არიან.

"ეს ზღვარი უნდა შენარჩუნდეს, რომ მომავალში არ გვქონდეს ინციდენტები, რომლებიც რუსეთს თავისი საყვარელი დოქტრინის - რუსულენოვანი მოქალაქეების დაცვის გამოყენების საშუალებას მისცემს", - აღნიშნა პრეზიდენტმა.


close დახურვა